საერთაშორისო ტერორისტს უსამა ბენ ლადენს უყვარს მანგო, მერსედესის ტარება და "ბი-ბი-სის" სმენა. ამის შესახებ ნათქვამია წიგნში, რომელიც მისმა ექვსიდან პირველმა მეუღლემ, ნაივამ დაწერა.
ბენ ლადენის მეუღლე, რომელიც მისი ნათესავიცაა, მას 15 წლის ასაკში გაჰყვა. თავად უსამა იმ დროს 17 წლის იყო. მათ 10 შვილი ჰყავთ: 6 ვაჟიშვილი და 4 ქალიშვილი.
მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მეუღლის განმარტებით, "უსამა ნორმალური ახალგაზრდა კაცი იყო, ვიდრე 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაიცნო რადიკალი პალესტინელი იდეოლოგი აბდულა აზამომი და მისი გავლენის ქვეშ არ მოექცა".
ამის შემდეგ, ბენ ლადენი ავღანეთში გაემგზავრა, სადაც ჯიჰადის მიმდევარი გახდა.
როგორც ნაივა თავის წიგნში აღნიშნავს, ამის მიუხედავად, მას არ დაუკარგავს მდიდარი ოჯახის წარმომადგენლის ჩვევები, უსამამ შეიძინა მოოქროვილი მერსედესი და უყვარდა საათობით მისი ტარება უდაბნოში.
"მას ასევე ძალიან უყვარს მანგო და შეუძლია მიირთვას ნებისმიერი რაოდენობით", - წერს მისი პირველი მეუღლე.
მისი განმარტებით, ბენ ლადენს უყვარს ბოსტანში მუშაობაც, განსაკუთარებით გიგანტური მზესუმზირების გამოყვანა. მისი კიდევ ერთი მანიაკალური მიდრეკილებაა არითმეტიკული გაანგარიშებები - ყველა სტუმარი, რომელიც მათ სახლში ყოფილა, შემდგომ პროცედურას გადიოდა: ბენ ლადენი აძლევდა მათ გამომთვლელ მანქანას და ეჯიბრებოდა თვლაში.
იგი თავის ცოლებთან დამოკიდებულებაში საკმაოდ მკაცრი იყო. ექვსივე მათგანი ცალ-ცალკე სახლში ცხოვრობდა და მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში რაიმე ელექტრომომსახურებით სარგებლობა.