ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ბელარუსში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვთან შეხვედრისას, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ იმავე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის, წარმომადგენლებს შეხვდა.
„სწორედ ამ ადგილზე ცოტა ხნის წინ ზელენსკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პირდაპირ ვუთხარი: „ბიჭებო, გადაეცით თქვენს პრეზიდენტს, რომ თუ ფიქრობს, ასე შეიძლება ჩვენთან საუბარი და თან ომში ჩათრევაც, უნდა ესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში ომის ხასიათი მყისიერად შეიცვლება. ეს უკვე სრულიად სხვა ომი იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას მტკიცებით, საპასუხო გზავნილიც მიიღო.
„პრეზიდენტსაც და მათაც ეს ესმით. ამიტომ, ბიჭებო, მოდით შევთანხმდეთ. საჭიროა სერიოზული შეთანხმებები,“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
მისი თქმით, მხარეებმა ემოციების გარეშე უნდა იმოქმედონ და დიალოგის გზა აირჩიონ.
„არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟი, ყვირილი და ერთმანეთზე ზეწოლის მცდელობა. მოდით, ადამიანურად მოვიქცეთ. გვესმოდეს, რა არის რუსეთი და ვინ ვართ ჩვენ. ეს გაგებაც არსებობს.
არც ჩვენ გვინდა უკრაინელებთან ომი. როგორ უნდა ვიომოთ მათ წინააღმდეგ, როდესაც საზღვრის მეორე მხარეს ძირითადად ტერიტორიული თავდაცვის ძალებია? რა, უნდა ვესროლოთ მექანიზატორებს, მერძევეებსა და მუშებს, რომლებსაც ბელარუსებთან ომი არ სურთ? ჩვენც არ გვინდა უკრაინელებთან ბრძოლა,“ - თქვა ლუკაშენკამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია და მინსკი მსგავსი სცენარის თავიდან აცილებას ცდილობს.