საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთიდან ინერტული მასალების უკანონო ექსპორტის განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2011 წლის 18 ოქტომბრის რუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "Первая грузовая компания"-მ, რომლის ძირითადი მფლობელია ს.ს. "რუსეთის სარკინიგზო ხაზები", განაახლა ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველო ტვირთების, კერძოდ კი ინერტული მასალების (ქვიშისა და ხრეშის ნაზავი) ექსპორტი, სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ინერტული მასალების ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველო უკანონო ექსპორტი, რომელიც ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით მიმდინარეობს, უდიდეს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის, განსაკუთრებით კი აფხაზეთის, საქართველო უნიკალურ რელიქტურ ბუნებას, რაც კავკასიის რეგიონისთვის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია.
"ზემოაღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც გამოვლინდა ეთნიკურ წმენდებში და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციაში და ამჯერად აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ისევე როგორც კავკასიისა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უნიკალურ ეკოსისტემას. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცენ შესაბამისი შეფასება რუსეთის ოლიმპიზმის პრინციპებთან შეუთავსებელ, უკანონო ქმედებებს და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათ დაუყოვნებლად აღსაკვეთად", - აღნიშნულია განცხადებაში.