მოკლული მუამარ კადაფის ცხედარს დღეს ქალაქ მისურატში გადაასვენებენ და ნაციონალური ტელეარხის ეთერით აჩვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "სკაი ნიუსი" ლიბიაში არსებული გარდამავალი სამხედრო საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ჯამაჰარიის ლიდერი თავში სასიკვდილოდ დაიჭრა, ამას გარდა, მას ფეხებიც დაცხრილული ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მუამარ კადაფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სირტში ასევე მოკლულია კადაფის ვაჟი მუტასიმ კადაფი.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ბოლო დროის განმავლობაში ქალაქ კადაფი სიტრში იმყოფებოდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, კადაფი სირტში ალყაში მოხვდა, ტყვედ ჩაიგდეს, შემდეგ კი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მედიაში უკვე გაჩნდა მობილურ ტელეფონზე გადაღებული პირველი ფოტოსურათი, რომელზედაც გარდაცვლილი მუამარ კადაფია აღბეჭდილი.
არსებობს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დატყვევებულია მუამარ კადაფის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამებრძოლი, მათ შორის მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამბოხებულები კადაფის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც ლიბიას 40 წლის განმავლობაში მართავდა.