ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველომ როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"მიუხედავად ომისა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობისა, საქართველომ ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ამ წელს ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორობის რეჟიმიდან ინტეგრაციის რეჟიმზე გადავიდა - დავიწყეთ წლიური სამოქმედო გეგმის რეალიზაცია და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში თანამშრომლობა, რის ფარგლებშიც 30 მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაც ეს თემა ესმის, მიხვდება, რომ მიმდინარე წელს ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს თვისობრივ წინსვლას", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს წლის შედეგებზე კომენტირებისას.
რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ბარამიძე მნიშვნელოვან მიღწევად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში ჩართვას ასახელებს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი წლის შემოდგომიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ევროკავშირში შესასვლელად ვიზები გამარტივებული წესით მიიღონ. გარდა ამისა, წელს ყველაფერი მომზადდა იმისთვის, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლიდან მოლაპარაკებები დაიწყოს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების მომზადებაზე", - განმარტა სახელწმიფო მინისტრმა.
საერთო ჯამში, გიორგი ბარამიძის შეფასებით, "წელს საქართველომ ყველა სირთულის დაძლევა შესძლო, რამაც ის რეფორმები, რომლებმაც ქვეყანა ნატოსა და ვროკავშირში ინტეგრაციამდე უნდა მიიყვანოს, შეუქცევადი გახადა".