"კადაფი ლიბიელმა ხალხმა მოკლა, მე შემიძლია ეს დავადასტურო", _ ეს განცხადება ლიბიის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა აბდელჰაკიმ ბელჰაჯმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთან" საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, მთელი ბოლო დროის განმავლობაში კადაფი სიტრში იმყოფებოდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, კადაფი სირტში ალყაში მოხვდა, ტყვედ ჩაიგდეს და მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მედიაში უკვე გაჩნდა მობილურ ტელეფონზე გადაღებული პირველი ფოტოსურათი, რომელზედაც გარდაცვლილი მუამარ კადაფია აღბეჭდილი.
არსებობს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დატყვევებულია კადაფის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამებრძოლი, მათ შორის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამბოხებულები მოითხოვდნენ კადაფის გადადგომას, რომელიც ლიბიას 40 წლის განმავლობაში მართავდა.