საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ `რუსეთი მუდმივად იმის დამტკიცებას ცდილობს, ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბებას რომ არ აპირებს.~ ასეთი შეფასება გოკა გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტარისას გააკეთა.
პუტინმა დღეს ვლადივოსტოკში განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ბალანსის შენარჩუნების მიზნით დარტყმის თავდასხმით სისტემებს განავითარებს.
პუტინის განცხადებას კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი რუსული აგრესის გამოვლინებად აფასებს.
"კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათ დასავლეთთან გლობალური კონფრონტაციის უნარი არ გააჩნიათ, თუმცა აშშ-სა და ნატოს მტრის ხატად ქცევა მაინც სჭირდებათ, ელექტორალური კონსოლიდაციის მიზნით. თავის მხრივ, დასავლეთშიც კარგად ხედავენ, თუ როგორ ავტორიტარულ რეჟიმთან აქვთ საქმე რუსეთის ხელისუფლების სახით, თუმცა მაინც ცდილობენ მოსკოვი როგორღაც ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციონ და ე.წ. გადატვირთვის რეჟიმში ჩართონ~, - განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთან იგი ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის უპერსპექტივობაში დარწმუნებულია, რადგან მისი თქმით, `აგრესიულობა რუსეთის ბუნებას წარმოადგენს~.