20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იმართება გამომცემლობა "მხედარის" მიერ გამოცემული წელიწდეულის - "საისტორიო კრებული" - პირველი ტომის პრეზენტაცია.
ამ სახელწოდებით 1928-29 წლებში, სარგის კაკაბაძის რედაქტორობით, მცირე ხნით უკვე გამოდიოდა საქართველოს ცენტრალური არქივის პერიოდული გამოცემა. 1970-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა აღადგინა "საისტორიო კრებული", მაგრამ ისიც შეწყდა შვიდი ნომრის გამოცემის შემდეგ. რაც შეეხება წინამდებარე წელიწდეულს, ის კერძო პირთა ინიციატივაა და მიზნად ისახავს წარსულის კარგი წამოწყების აღორძინება-გაგრძელებას.
ამჟამინდელი "საისტორიო კრებულის" პირველი ნომრის ავტორთა - ზაზა ალექსიძის, დავით მუსხელიშვილის, ზურაბ პაპასქირის, მიხეილ ბახტაძის, გიორგი ოთხმეზურის, მირიან მახარაძის, ნიკო ჯავახიშვილის, გოჩა ჯაფარიძის, მარიამ ნანობაშვილის, კონსტანტინე ფერაძის, ბეჟან ჯავახიას, მამუკა წურწუმიას, თემო ჯოჯუას, ირმა ბერიძის, მაია პატარიძის, ირაკლი ფაღავას, ზაზა სხირტლაძის, ვლადიმერ კეკელიას, ნათელა ვაჩნაძის - სახელები კარგადაა ცნობილი ჩვენი სამეცნიერო წრეებისათვის.
კრებულის თემატიკა, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოთი შემოიფარგლება, მრავალმხრივია. წარმოდგენილია ისტორია და წყაროთმცოდნეობა, სამხედრო საქმე, ხელოვნებათმცოდნეობა და ნუმიზმატიკა, ქართველები წმინდა მიწაზე და საქართველოს ურთიერთობა ახლო თუ შორეულ მეზობლებთან, პოლემიკა და რეცენზირება და სხვ.
მომავალში დიდი ადგილი დაეთმობა ქართული თუ უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვას და რეცენზირებას. ეს საშუალებას მისცემს ფართო მკითხველს წარმოდგენა იქონიოს, თუ რა შრომები იბეჭდება საქართველოს ისტორიის შესახებ.
"საისტორიო კრებულში" დაბეჭდილი სტატიების სამეცნიერო აპარატი, პირველად საქართველოში, მისდევს დამოწმებათა სისტემის ჩიკაგოს პრინციპებს, რომლებიც, სხვადასხვა მოდიფიკაციით, პრაქტიკულად უნივერსალური წესია დასავლური სამეცნიერო გამოცემებისათვის. ამით გვსურს დავნერგოთ დამოწმებების ისეთი სისტემა, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში. გარდა მრავალი უპირატესობისა, რომელიც ამ სისტემას აქვს, მისი გამოყენება ხელს შეუწყობს ქართველ მკვლევართა უმტკივნეულო ინტეგრაციას უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში", - აცხადებენ სარედაციო კოლეგიის წევრები.