19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში კომპოზიტორ ელიზბარ ლომდარიძის საავტორო კონცერტი გაიმართება.
კომპოზიტორის ნაწარმოებებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის "საქართველოს სინფონიეტას" შესრულებით რევაზ ტაკიძე უდირიჟორებს. საღამოს მუსიკოსები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
კონცერტზე შესრულდება ლომდარიძის "2010 წლის საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებად" დასახელებული კონცერტი № 4 "სისატურა" - სოლისტი ნინო რამინიშვილი. ასევე შედგება კამერული ორკესტრისთვის დაწერილი სიმფონია №2-ის თბილისური პრემიერა, რომელიც არაერთხელ შესრულდა საზღვარგარეთ და დიდი აღიარება მოიპოვა. საღამოს დაასრულებს პ. ჩაიკოვსკის სახ. კონკურსის ლაურეატი, პროფესორი, სახალხო არტისტი, ჩელისტი თამარ გაბარაშვილი კონცერტით ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის.
შემსრულებლები არიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა"; დირიჟორი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი რევაზ ტაკიძე; სოლისტები: პ. ჩაიკოვსკის სახ. კონკურსის ლაურეატი, პროფესორი, სახალხო არტისტი, ჩელისტი თამარ გაბარაშვილი; პიანისტი ნინო რამინიშვილი.
კონცერტის ხანგრძლივობა 45 წუთია.
ლომდარიძე 70-იანი წლების თაობის ქართველ კომპოზიტორთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. დაამთავრა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი საკომპოზიციო განხრით, პროფ. დავით თორაძის კლასი.
მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. იგი ავტორია სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტალური და საფორტეპიანო ნაწარმოებებისა. შექმნილი აქვს საფორტეპიანო ჟანრში 200-მდე პიესა და აგრეთვე, ფოკლორული კონცერტები ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ლომდარიძის სიმფონია № 4 დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, ჟიურის მიერ წლის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა. კომპოზიტორს გადაეცა დიპლომი და პრემია "წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისათვის".