რობერტ სტურუა მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის ხსოვნას სპექტაკლს მიუძღვნის. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ "facebook”-ზე გამოაქვეყნა.
რეჟისორის განცხადებას, რომელიც ერთგვარი გამოთხოვებაა დიდ მსახიობთან, "ჯი-ეიჩ-ენი“ უცვლელად გთავაზობთ:
"გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მსახიობი, რუსთაველის თეატრის მშვენება და ბურჯი, ჩემი უსაყვარლესი ხელოვანი და ადამიანი რამაზ ჩხიკვაძე. თუ არა რამაზი, არც ერთი ჩემი სპექტაკლი ასეთ წარმატებას და მსოფლიო აღიარებას ვერ მიაღწევდა. რამაზის ნიჭი ყველგან იფრქვეოდა, ყველას გადაწვდა მისი ბრწყინვალე კაცობა და ადამიანობა. ჭეშმარიტი ქართველი კიდევ დიდხანს იცოცხლებს ჩვენს დაობლებულ, გაცრუებულ გულებში, როგორც ნუგეში და იმედი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ქვეყანას ბედნიერება მაინც ეღირსება. ასეთი ქართველები გაამრავლოს ღმერთმა. ამას ვევედრები უფალს. მშვიდობით, ჩემო რამაზ, ჩამოვალ და ერთ კარგ სპექტაკლს დაგიდგამ - საუკეთესო მსახიობები მიცდიან“, - წერს სტურუა.
შეგახსენებთ, რომ სტურუას სპექტაკლებში ჩხიკვაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლში უთამაშია. მათ შორის "ყვარყვარე“, "კავკასიური ცარცის წრე“, "რიჩარდ მესამე“ და სხვა.