კლასიკური მუსიკის ფესტივალი თელავში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი" გუშინ საღამოს ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 20-წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ ეწყობა თელავის დრამატული თეატრის სცენაზე.
ფესტივალის ორგანიზატორი ცნობილი, ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა. მან თბილისის სიმფონიურ ოკესტრთან ერთად მსმენელს სხვადასხვა კომპოზიტორების 6 ნაწარმოები შესთავაზა. ელისო ვირსალაძე მსმენელმა კონცერტის დასრულების შემდეგ კულისებიდან სამჯერ გამოიყვანა.
„შარშან, როდესაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი აღვადგინე, ბევრად ვნერვიულობდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რამდენად იქნებოდა ზუსტად იმ ფესტივალის გაგრძელება. წელს კი იმდენად კარგი საორგანიზაციო კომიტეტი მყავს, იმდენად მჯერა, რომ ნაკლებად ვღელავდი. თუმცა, კონცერტზე ყოველთვის ვღელავ. წელს საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამაა. გარკვეული ნაწარმოებები მმგონი საერთოდ არც შესრულებულა ჩვენთან. აჟღერდება ტრადიციული მუსიკაც. ვფიქრობ ძალიან საინტერეოა. მუსიკას ფართო სპექტრი აქვს ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ შესრულდება ნებისმიერი ნაწარმოები. ყველაფერი შეიძლება იყოს ცუდი და ყველაფერი შეიძება კარგი", - განაცხადა ვირსალაძემ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, ელისო ვირსალაძემ ის 80-იან წლებში დაარსა, რომელსაც „ქება ვაზისა" ერქვა. ბოლო ორი წელია ქართველი პიანისტის, საქართველოს პირველი ლედის და კახეთი გუბერნიის ორგანიზებით ფესტივალი კიდევ უფრო მასტაბური გახდა.
ფესტივალზე სპეციალურად იყო მოწვეული ცნობილი ქართველი ტენორი ბადრი მაისურაძე. მან მსმენელებისთვის ჯუზეპე ვერდის ოტელოს არია, ოპერიდან „ოტელო" შეასრულა.
„მოხარული ვარ რომ ქალბატონმა ელისომ პატივი მცა და ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, რადგან 80-იან წლებში არ გამიცდენია არც ერთი კონცერტი. დღეს ძალიან ვინერვიულე, თუმცა გადავხედე დარბაზს და დავწყნარდი, რადგან ის ხალხი იყო ვისაც მთელი ცხოვრება ვეთაყვანებოდი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ელისოს, რომ მომცა საშუალება მასთან ერთად გამეხსნა ეს ფესტივალი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მეტს სიტყვებით ვერ გამოთქვამ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ბადრი მაისურაძემ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ განუცხადა, წელს ფესტივალზე აღარ იდირიჟორებს, თუმცა სიმფონიური ორკესტრი 21 და 23 ოქტომბერს წარსდგება მსმენლის წინაშე.
„ვულოცავ ქალბატონ ელისოს და მის ფონდს ფესტივალს, რომელიც მეორედ ტარდება ამ ფორმატით და ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ დღეს გავხსენით კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა, მე მეტს აღარ ვდირიჟორობ ფესტივალზე, მაგრამ ორკესტრი კიდევ 2 კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ კარგად ჩაივლის ეს კონცერტები და ძალიან მომწონს ეს ფესტივალი", - აღნიშნა კახიძემ.
აღსანიშნავია, ისიც რომ ფესტივალის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მასტერკლასებიც, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც ისინი გამართავენ კონცერტებს.