ხვალ, 15 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში ტარდება საგანმანათლებლო პროექტი "მე მხატვარი". როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო გედევანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს პროექტი ბავშვებს და მოზარდებს ხატვის ნიჭის აღმოჩენაში დაემხარება.
"ჩვენი პროექტი სახელწოდებით "მე მხატვარი" საქართველოში პირველად ტარდება და გვინდა ფართო ხასიათის გავხადოთ. მასში ჩართული არიან ბავშვები და უფროსები. მუზეუმის ეზოში ისინი დახატავენ თავიანთ წარმოსახვიდან რამეს. ნამუშევრები კი "ბავშვთა ეროვნულ გალერეაში" გამოიფინება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ხატვა არ შეუძლია. შეიძლება ადამიანმა ჩიტი ზუსტ ჭრილში ვერ დახატოს, მაგრამ ლამაზი ფერი დასვას და ამით გადმოსცეს თავის სათქმელი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გედევანიშვილმა.
პროექტში მონაწილეობის მსურველები ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ რეგისტრაციას, ტურებში სულ 1200 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტები 2005 წლიდან ხორციელდება. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი 2008 წლის, ომში დაღუპული ბავშვებისთვის მოეწყო, რომელშიც 50 მოზარდი იყო ჩართული.