ამერიკელი მსახიობი ჰილარი სუონკი, რომელიც ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად გროზნოში ქალაქის დღისა და რამზან კადიროვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას, აცხადებს, რომ ძალიან ნანობს ამ მოგზაურობის გამო.
რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავებს საერთაშორისო უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ "Human Rights Watch"-მა მოუწოდა, უარი თქვან კადიროვის მიერ მიცემულ ფულსა და საჩუქრებზე, ვინაიდან ეს ორგანიზაცია ჩეჩნეთის ხელისუფლებას ადამიანების უფლებების დარღვევაში გამუდმებით ადანაშაულებს.
ჰილარი სუონკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ "ძალიან ნანობს" იმ მოგზაურობის გამო, "რომელმაც ჩრდილი მიაყენა მის უფლებათადამცავ საქმიანობას".
გროზნოში, ქალაქის დღისა და რამზან კადიროვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, გარდა ჰილარი სუონკისა, მონაწილეობდნენ ვანესა მეი, ჟან-კლოდ ვანდამი და ინგლისელი მომღერალი სილი. ამ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მომღერლები სოფია როტარუ და რუსლანა, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.
განცხადებაში ჰილარი სუონკი ასევე აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ვიზიტამდე მან კადიროვის რეპუტაციის შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო მისთვის დაბადების დღის მილოცვა ღონისძიებების ორგანიზატორებმა სთხოვეს.