დღეს, 13 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს 86 წელი შეუსრულდა. ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (ქალიშვილობაში რობერტსი), რომელსაც "რკინის ლედი" უწოდეს, 1925 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა. იგი იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (კონსევატიული პარტია) 1979-90 წლებში.
დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1950 წელს. პირველი ქალი-თავმჯდომარე გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის. 1951 წელს ცოლად გაჰყვა მეწარმე დენის ტეტჩერს. 1954 წელს ადვოკატის მოწმობა აიღო. 1959 წელს აირჩიეს თემთა პალატის დეპუტატად. 1961-64 წლებში მსახურობდა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, 1970-74 წლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჰიტის კაბინეტში. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა.
1979 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო, "რკინის ლედი" შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. 1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება". 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. იგი ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრია.