საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტს ქრისტიან-დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ, თუმცა არც უარყოფით ხმას მისცემენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, არის საკითხები, რომლებზედაც შეთანხმება მიღწეულია. იგი ამისთვის ხელისუფლებას მადლობას უხდის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი საკითხი კვლავ შეუთანხმებელია და აუცილებლად მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე მუშაობა მომავალში მაინც გაგრძელდეს.
"ის საკითხები, რაც თქვენ წარმოადგინეთ, მიღირს იმად, რომ საარჩევნო კოდექსს მხარი დავუჭირო, მაგრამ არის ბევრი საკითხი, რაზედაც ვერ მოხერხდა შეთანხმება. თუმცა ეს ის საკითხებია, რომელთა შეუსრულებლობის გამო საარჩევნო კოდექსს თანხმობას ვერ მივცემთ და ამიტომ კენჭისყრაზე თავს შევიკავებთ", - განაცხადა ვეფხვაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მიღწეულ იქნას თუნდაც სიტყვიერი შეთანხმებები, რათა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოფილი იქნას.
რიგგარეშე სესია საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მისაღებად იმართება, ვინაიდან პარასკევის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე საკითხი შეუთანხმებელი იყო. შეუთანხმებელ საკითხებს შორის ძირითადი საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხია. როგორც დღეს სესიაზედაც გაცხადდა, იანვრიდან არჩენების დასრულებამდე თბილისში ახალი პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა და გარდა ამისა, გარკვეული რეზულტატის მქონე პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ სიების გადამოწმების საშუალება. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ იგი გამოდის ინიციატივით, იანვარში პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს.