ჭიათურის მოსახლეობას კლდეებიდან ქვათაცვენის საფრთხე აღარ დაემუქრება. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად ჭიათურაში საშევარდნოს კლდეზე მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
ჭიათურა სეისმურად საშიშ ზონაში მდებარეობს. ქალაქი მთლიანად კლდოვანი ქანებით არის გარშემორტყმული, რის გამოც მოსახლეობას ათეულობით წლებია ემუქრება კლდეებიდან ქვათაცვენის საშიშროება. სიტუაციაგანსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების დროს მძიმდება. გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ საშევარდნოს კლდის გამაგრებითი სამუშაოები არ განხორციელებულა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპირო და საშევარდნოს კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 120 ოჯახი იმყოფება.
მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილბით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და საშევარდნოს კლდის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად მილიონამდე ლარი გამოიყო. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინირებით "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" ხორციელდება. გამაგრებითი სამუშაოები ითვალისწინებს 5000 კვადრატული მეტრი ტერიტორიის კლდის ნაშალისგან გაწმენდას და საშიში მონაკვეთების სპეციალურ დამცავ ანგარებსა და ლითონის ბადეებში მოქცევას. ამჟამად გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
ამავე დღეს მინისტრმა და გუბერნატორმა, თუზი-ქვაციხე-კაცხის9.5კმ-იანი რეაბილიტირებული გზაც დაათვალიერა, რომელიც ერთმანეთს თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებს აკავშირებს.
სოფელ კაცხში მდებარე ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლის -კაცხი სსვეტის გამო, აღნიშნული გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. 9.5კილომეტრიანი გზა წლების განმავლობაში სრულიად ამორტიზებული და პრაქტიკულად გაუვალი იყო. გზის რეაბილიტაცის პროექტის ფარგლებში შესრულდა მიწის სამუშაოები, აშენდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საყრდენი კედლები, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. გზის რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
მასალის გამოყენების პირობები