ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ერთი მუხლის გაპარებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, მეორე მოსმენისას ღიად იყო დარჩენილი ის მუხლი, რომელიც ეხება საოლქო კომისიებში მდივნების დანიშვნის საკითხს. მისი თქმით, ეს საკითხი ღიად დარჩა, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომხდარიყო შეთანხმება, თუ ვინ დაიკავებდა ამ თანამდებობას.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი პავლე კუბლაშვილმა დღეს სესიაზე აღარ წარმოადგინა. მისი თქმით, საორგანიზაციო დეპარტამენტს აღნიშნული მუხლი გადადებულ მუხლთა სიაში არ აქვს შეტანილი. ვეფხვაძე ითხოვს სტენოგრამული ჩანაწერის ამოღებას, სადაც აღნიშნულია, რომ ამ მუხლზე მოხდებოდა შეთანხმება, თუმცა პარლამენტის ტავმჯდომარის თქმით, მართალი პავლე კუბლაშვილი აღმოჩნდა, ვინაიდან ბაქრაძის თქმით, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ეს მუხლი გადადებული არ ყოფილა.
რიგგარეშე სესია საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მისაღებად იმართება, ვინაიდან პარასკევის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე საკითხი შეუთანხმებელი იყო. შეუთანხმებელ საკითხებს შორის ძირითადი საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხია. როგორც დღეს სესიაზედაც გაცხადდა, იანვრიდან არჩენების დასრულებამდე თბილისში ახალი პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა და გარდა ამისა, გარკვეული რეზულტატის მქონე პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ სიების გადამოწმების საშუალება. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ იგი გამოდის ინიციატივით, იანვარში პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს.