ხვალ, 12 ოქტომბერს, ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლოს, მსოფლიოს ახალი საოცრების, ქრისტეს ქანდაკების 80 წლისთავს აღნიშნავენ. კრისტო-რედენტორი ("მხსნელი ქრისტე"), ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.
კორკოვადოს 710-მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს - პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.
1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა "რიოს კათოლიკეთა წრემ". ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს: - ქრისტე გაშლილი ხელებით - ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის მოდელით ხელში და ა.შ. საბოლოოდ, "მხსნელი ქრისტეს" ქანდაკება აარჩიეს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ექტორ და სილვა კოსტა იყო, ხოლო მოქანდაკე - პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისთვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7-მეტრიან კვარცხლბეკს. მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.
ქრისტეს ქანდაკება დღეისთვის რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლოა, რომლის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.
2007 წლის 1-ელ აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.
2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.