"რუსული მხარე პატივს სცემს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და უკრაინის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას", - ასე იწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოსათვის განაჩენის გამოტანას ეხმიანება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო უწყება ყურადღების მიღმა არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა და მსოფლიო საზოგადოება მთელს ამ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
"ამასთან ერთად, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ იმ ფაქტს, რომ მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელოვბა და მსოფლიო საზოგადოებრიობა მთელს ამ სასამართლო პროცესს პოლიტიკური მოტივებით ინიცირებულად მიიჩნევს.
კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო ადანაშაულებს იულია ტიმოშენკოს 2009 წელს გაზის კონტრაქტების გაფორმების დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ამით პეჩორის სასამართლო იგნორირებას უკეთებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ხსენებული კონტრაქტები უკრაინული და რუსული კანონმდებლობის სრული დაცვით გაფორმდა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მთელ ამ ისტორიაში ანტირუსული კონტექსტი იგრძნობა.
"არსებითად, ტიმოშენკო გაასამართლეს მოქმედი და არავის მიერ გაუქმებული იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გამო, რომლებიც "გაზპრომსა" და "ნავტოგაზ უკრაინას" შორის გაფორმდა", _ ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ რუსეთში უკრაინასთან პარტნიორობაზე და გაზის სფეროში ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების გაფორმებაზე მომავალშიც დიდ იმედს ამყარებენ.