საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციამ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტი შეაფასა. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სარკოზის ვიზიტი საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა იყო.
"100 ათასამდე ადამიანმა, რომელიც თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა და დანარჩენმა საზოგადოებამ მიიღო პასუხები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. პირველ რიგში, ეს არის სრული და უპირობო მხრადაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, როგორც საფრანგეთის, ისე ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან. ასევე სრული და უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ, იცხოვროს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პირველად საჯაროდ ამ დონის ლიდერმა მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშორში.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა იმ რეფორმებს და კურსს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ამ გზაზე ბევრი ბარიერია ჩვენი ხალხისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. რასაკვირველია არის სიძნელეებიც, რომელიც უკავშირდება უმუშევრობას და სხვა სოციალურ პრობლემებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ნიშანდობლივია ის შეფასებები, რომელიც ვიზიტს მოჰყვა როგროც საერთაშორისო თანამეგობრობიდან, ასევე საერთაშორისო მედიის კუთხით.
"ვფიქრობ ნათელია, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველომ შეიძინა მყარი და ერთგული მეგობარი საფრანგეთის სახით" - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.