დღეს, 11 ოქტომბერს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მიწვეულნი არიან სამხედრო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, სერგო თეთრაძის დაკავება და სიკვდილი იქნება.
"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ომის ვეტერანი, 57 წლის სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. ბინაში ჩხრეკა დამსწრეების გარეშე ჩატარდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა 24 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, უცნობი იყო დაკავების მოტივიც. 24 სექტემბერს კი ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.