საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პრაღაში ვაცლავ ჰაველის მიერ დაარსებულ კონფერენციაზე ჩავიდა, განაცხადა, რომ ამ ჯილდოს გადაცემას სიმბოლური დატვირთვა აქვს და დემოკრატიას და ლიბერალურ ღირებულებებს ტოტალიტარიზმი ვერასოდეს დაამარცხებს. ჰაველმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ტერიტორიების დეოკუპაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას მოახერხებს.
"თითოეული ჩვენგანი, ვინც აფასებს თავისუფლებას, მუდმივად სიახლეებისკენ, რაღაც განსხვავებულისკენ მიისწრაფის. საბჭოთა კავშირის დანგრევა ჩვენთვის ისტორიის დასასრული არ ყოფილა. პირიქით, ის ჩვენთვის ისტორიის დასაწყისი იყო. ბატონო ვაცლავ, თქვენი და თქვენნაირების დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით გაყინული მუზეუმიდან თავის დაღწევა. ვცხოვრობდით, ვარსებობდით და გადარჩენაზე ვფიქრობდით. გადარჩენაზე, რადგან ჩვენი ბედი ჩვენ არ გვეკუთვნოდა. არსებობდა ორი გზა - სლობოდან მილოშევიჩის და ვაცლავ ჰაველის. ფერადი რევოლუციები იყო თქვენი ხავერდოვანი რევოლუციების გაგრძელება. 26 წლის ახალგაზრდა მუჰამედ ბოუ აზიზი, რომელმაც თავი გაწირა ქალაქ სიდიბოუაზიზში, რითაც დაიწყო არაბული გაზაფხული, იან ჰოლაკის ექოს გამოძახილია, რომელიც 1968 წელს საბჭოთა ტანკებს წინ აღუდგა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ჰაველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და განაცხადა, რომ საქართველო მისი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება.
"დიდ მადლობას მოგახსენებთ, იმ პატივისთვის, რომელიც დღეს თქვენგან მერგო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ისევე, როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციებში ვეკითხები საკუთარ თავს - დავიმსახურე თუ არა ეს ჯილდო. საქართველოში ბოლოს 44 წლის წინ ვიმყოფებოდი. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა საქართველოში ჩემი ვიზიტი არასდროს დამავიწყდება. ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს მეხსიერებასა და გულში. მინდა ვისარგებლობა და გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში აღდგება მის ისტორიულ ფარგლებში და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოხდება. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ინსტიტუტების, უპირველესაც კი ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰაველმა.