სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვში უკვე ელოდებიან ოპოზიციის ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სირიის ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილი 5-6 წარმომადგენელი იქნება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 11 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვში მზად არიან მოუსმინონ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს და "მოხდეს აზრთა გაზიარება სირიაში არსებლი მდგომარეობის შესახებ".
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ქვეყანაში არ წყდება ანტისახელისუფლებო გამოსვლები. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომა დ აქვეყანაში რადიკალური რეფორმების გატარებაა. 4 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიის შესახებ მისაღებ რეზოლუციას ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს. დოკუმენტი ითვალისწინებდა სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ სირიის ხელისუფლება გააგრძელებდა ძალის გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.