მოსკოვის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, სამართალდამცავები რადიკალური ორგანიზაციების წევრების შეკრებას ელიან. ისინი კი თავის მხრივ "ცე-ეს-კას" ახალგაზრდა გულშემატკივრის ანდრეი ურიუპინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციის მოწყობას გეგმავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დაკავებულების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მოსკოვის ცენტრში მანეჟის მოედანზე რამდენიმე ათეული ავტობუსია მობილიზებული, რომლებშიც სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები სხედან. მოედანზე პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ და 16 დან 30 წლამდე ყველა მამაკაცს ამოწმებენ.
პოლიცია შიშობს, რომ "ცე-ეს-კას" ახალგაზრდა გულშემატკივრის ანდრეი ურიუპინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ფანატების მიერ გამოსვლებმა არეულობა გამოიწვიოს. ურიუპინი პოდოლსკში ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოკლეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას დანა აზერბაიჯანის მოქალაქემ დაარტყა.