ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრი ნაზი ქობულაძე ქუჩაზე, "ციტრუსკომბინატის" ყოფილ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ორსართულიანი კორპუსების კედლები დაბზარულია, სახურავი სრულად ამორტიზებულია და წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის.
შენობა რემონტს არ ექვემდებარება და იქ მცხოვრებნი მერიისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ქობულაძის განცხადებით, მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა და საცხოვრებელი ადგილის დასათვალიერებლადაც არავინ მისულა.
"ეს ხალხი გაუსაძლის პირობებში უკვე 20 წელია ცხოვრობს. ამ ფონზე აღმაშფოთებელია მერიის მაღალჩინოსანთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საკუთრებას მოსახლეობა თავად უნდა ეპატრონოს. ამ შენობაში მცხოვრებთა უმეტესობა სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ ადამიანების ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში გადაყვანასთან დაკავშირებით, რათა არ დადგეს ფატალური შედეგი " - განაცხადა ნაზი ქობულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები