თავისუფლების მოედანზე" საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დასახვედრად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო სცენა, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოვლენ.
საფრანგეთის, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არის დაფარული წმინდა გიორგის ძეგლი, საქართველოს ბანკის შენობა და შადრევნის აუზი.
ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე მხოლოდ ჟურნალისტები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მოედანზე შესვლა ორი მხრიდან არის შესაძლებელი სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ. გახსნილია ორი მედია ცენტრი - „ქორთიარდ მარიოტში" და „ევროპის სახლში". ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის „თავისუფლების მოედანზე" მოსვლა 2 საათის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ნიკოლა სარკოზი საქართველოში 15:00 საათის შემდეგ ჩამოფრინდება. სიტყვით გამოსვლა კი 17:30 საათზე არის დაგეგმილი.