მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის ალბათობას, მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა და მივხვდი, რომ მე არჩევანი აღარ მქონდა. ასე განმარტავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლას ეხება.
"მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის ალბათობას. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისუფალს ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებებისგან, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა. დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ მე აღარ მქონდა არჩევანი. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ოპოზიციის ფინანსური დახმარებით არ იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პროცესების კორექტული მართვა და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღება. გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო", _ წერს ივანიშვილი თავის განცხადებაში და იქვე აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის ისიც, რომ მისი ეს განმარტება ოპონენტებისათვის საკმარისი არ იქნება და რომ "დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება, რათა საზოგადოებას ჩემი გულწრფელობა დავუმტკიცო".