დღეიდან, ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, ვთავაზობ ადგილს მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. აცხადებს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავისსავე განცხადებაში.
ამასთან ერთად, "საწყისი მუხტის შესაქმნელად", ბიზნესმენს აუცილებელ პირობად მიაჩნია "რეალურად ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ინტერნეტგამოცემები), რომლის შექმნასაც, პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად" იგი ორ-სამ წელიწადში "მოახერხებს ინტელიგენციის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც საქართველოში საბედნიეროდ კიდევ გვყავს"
"ჩვენ მოვახერხებთ მართვის შესაბამისი წესების ჩამოყალიბებას, რომ საინფორმაციო ცენტრი იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამოირიცხოს რაიმე სახის მიკერძოება.
საინფორმაციო ცენტრის მაღალ დონეზე ფუნქციონირებაში უდიდესი როლი ენიჭება ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და პრინციპულობას.
კარგად ვაცნობიერებ, რომ დღეს ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არჩევანი. ხშირად, ისინი იძულებული არიან, დაივიწყონ ქვეყნის ინტერესები, რათა არ დაკარგონ ერთადერთი შესაძლებლობა _ მიიღონ ელემენტარული შემოსავალი ოჯახის სარჩენად.
დღეიდან, ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, ვთავაზობ ადგილს მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ისინი პრივილიგირებული იქნებიან მომავალ საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროსაც", _ წერს ბიზნესმენი განცხადებაში.