სომხეთში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ თურქეთმა XIX-საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში განხორციელებულ სომხების გენოციდზე პასუხისმგებლობა უნდა აღიაროს. მისივე თქმით, შესაძლოა საფრანგეთში მიღებული იქნეს კანონი, რომლითაც გენოციდის აუღიარებლობა დანაშაული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გენოციდის კოლექტიური უარყოფა მიუღებელია. სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ ეს არის თურქეთის ისტორიის ნაწილი და იგი აღიარებულ უნდა იქნეს.
"სომხების გენოციდი - ეს ისტორიული ფაქტია. მისი კოლექტიური უარყოფა -ეს გაცილებით უფრო უარესია ვიდრე ამას ერთი ადამიანი, რომ უარყოფდეს. თურქეთი დიდი ქვეყანაა და თუკი ის გადახედავს თავის ისტორიას, ისევე როგორც სხვა დიდ ქვეყნები, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ იგი თავის თავს პატივს სცემს", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანთან ერთად სომხეთში სომხების გენოციდის მუზეუმის მონახულებისას.
ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთში უკვე არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც ხოლოკოსტის უარყოფა დანაშაულია. აღსანიშნავია, რომ თურქეთი უარს აცხადებს 1915 წელს განხორციელებული სომხების მასობრივი მკვლელობების აღიარებაზე და ამტკიცებს იმას, რომ მრავალი მათგანი პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლი გახდა და მაშინდელი ტრაგიკული მოვლენები ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად იყო გამოწვეული.