ლიბიის დამხობილმა ლიდერმა მუამარ კადაფმა მორიგი აუდიო მიმართვა გაავრცელა, რომელიც სირიის ტელეარხმა Al-Rai TV-მ გადასცა. კადაფი აუდიო მიმართვაში აცხადებს, რომ იმ განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც აღიარეს ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო, ისეთივე ანალოგიური მოვლენები ელოდებათ, რაც დღეს ლიბიაში ხდება.
„თუ ლეგიტიმურობას უზრუნველყოფს უცხო ქვეყნების ფლოტის სიძლიერე „მესამე მსოფლიოს" ქვეყნების ის ლიდერები, რომლებმაც აღიარეს გარდამავალი ეროვნული საბჭო უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ მათ სახელმწიფოებშიც გაჩნდება ანალოგიური საბჭოები, შექმნილი სხვა ქვეყნების სამხედრო ძლიერების მხარდაჭედრით", - აცხადებს მიმართვაში კადაფი და დასძენს, რომ „ ამ საბჭოებს შექმნიან, რათა თქვენ წაგართვან ხელისუფლება. ისინი გამოჩნდებიან დღევანდელი დღიდან ერთი მეორის მიყოლებით".
კადაფიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდამავალი ეროვნული საბჭო არ არის ლეგიტიმური ორგანო. ლიბიის დამხობილმა ლიდერმა მოუწოდა მოსახლეობას გამოვიდნენ ქუჩებში და დაიწყონ სამოქალაო დაუმორჩილებლობის აქციები. ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს მან აუტანელი უწოდა.