ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პლატფორმა დღეს, 7 ოქტომბერს, გახდება ცნობილი. ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილების განცხადება "ქართუ ჯგუფმა" გააკეთა. "ქართუ ჯგუფმა" განცხადების მხოლოდ ამონარიდი მიაწოდა მედიასაშუალებებს, სრული ტექსტი კი, მათი ინფორმაციით, 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ ქართველ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საუბარი იყო იმაზედაც, რომ ამ გადაწყვეტილების უკან შესაძლოა კრემლიც იდგეს. ეს ვარაუდი არ გამორიცხა "ახალმა მემარჯვენეებმაც". პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვლთან დაკავშირებული პროცესები რუსეთიდან იმართებოდეს.
"ძალიან საინტერესო მოვლენაა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა და ველოდებით პირველ განცხადებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, უფრო საფუძვლიანი ანალიზი გავაკეთოთ ამ პარტიასთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ეს იყოს ხელისუფლების მიერ ინსცირირებული პოლიტიკური პარტია. არ არის გამორიცხული, ეს პროცესები რუსეთის მხრიდან იმართებოდეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. პოლიტიკოსები ვაანალიზებთ წინაპირობებს და სწორედ აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. თუ ეს იქნება ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომლის ვექტორი არის დასავლეთი, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ასეთი პარტიის შექმნას", - განაცხადა ნაჭყებიამ.
ივანიშვილის რუსულ კვალს გამორიცხავს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი. კობა დავითაშვილი "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი პიროვნებაა და ის ისეთი ადამიანია, რომ კრემლის თამაშს არ ითამაშებს. დავითაშვილი ქართველ მილიარდერს მოუწოდებს და ურჩევს, რომ მისი პოლიტიკური ძალა არ იქცეს ფსევდოოპოზიციად და ნამდვილ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეს. დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს გააერთიანებს.
ივანიშვილის გადაწყვეტილების უკან კრემლის ყოფნას გამორიცხავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც. როგორც ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი იმდენად ჭკვიანია, რომ რუსეთის თამაში არ ითამაშოს. ცინცაძის თქმით, მილიარდერის პოლიტიკაში წასვლა უპერსპექტივოა, რადგან მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიის შესაქმნელად ძალიან ცოტა დრო აქვს.
"მისი გადაწყვეტილება არ მიმაჩნია პერსპექტიულად, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიის შესაქმნელად და ელექტორატის ასარჩევად. ქუჩაში, რომ შეხვდეს ადამიანს, შეიძლება ვერც იცნოს. ეს კაცი გაურბის რეკლამას, საჯაროობას. თან ქართული სინამდვილეცაა გასათვალისწინებელი, რადგან მას ძალიან ბევრი მედროვე მიეწებება ფულის გამო. ეს ყველაფერი არ იქნება მისთვის ხელშემწყობი", - განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ივანიშვილის ამ ნაბიჯს მოულოდნელს არ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესმენები პოლიტიკაში დიდ წარმატებას იშვიათად აღწევენ.
"ბოლო ხანებში გავრცელდა მისი წერილი, რომელიც საზოგადოებამ პოლიტიკურ წერილადაც კი შაეფასა. ის იძლეოდა თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შეფასებას. ასე რომ, მისი პოლიტიკისკენ გადანცვლება მოულოდნელი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შანსები აქვს და რამდენად რეალურია მისი ჩართვა პოლიტიკაში, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ზოგადად პოლიტიკაში ბიზნესმენები იღბლიანები არ არიან ხოლმე, მათ შორის ამერიკაშიც. ამიტომ, იმის თქმა, რომ პოპულარული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შედეგიანი აღმოჩნდეს, მემგონი ნაადრევი იქნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებების გაკეთებას 7 ოქტომბრის შემდეგ აპირებენ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია. ჯერ მხოლოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი აპირებს პარტიის შექმნას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ მოვლენა პოლიტიკაში ჩვეულებრივია. მისი გადასაწყვეტია რამდენად უნდა ახალ ამპლუაში ყოფნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სასიამოვნოა, ვიდრე კარგი პროექტების კეთება. ამ ეტაპზე არ შემიძლია იმის თქმა, რამდენად აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკურ ასპარეზში. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განცხადებები გაკეთდება მისი ან მისი მხარდამჭერების მხრიდან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა.
7 ოქტომბერს აპირებენ განცხადების გაკეთებას "თავისუფალი დემოკრატებიც". "ქართული პარტია" კი ივანიშვილს ამ ნაბიჯს მიესალმება.
უცნობია, რა გუნდთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში 5,5 მილიარდი დოლარის ქონების პატრონი ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ცნობილია ის, რომ ივანიშვილის პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დაინიშნა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტრიპოლსკი შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრესმდივანი იქნება. ტრიპოლსკის ტელეკომპანია "მე-9" არხის ხელმძღვანელი, შემდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ტრიპოლსკიმ ეს თანამდებობა 2008 წლის მაისში დატოვა და ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას".