დღეს, 7 ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 17:30 საათზე იგი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია. საელჩო მიმართავს საქართველოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ 17:00 საათიდან.
სარკოზისთან ერთად, საქართველოს საფრაგეთის 4 მინისტრი ეწვევა. როგორც საფრანგეთის საელჩო საქართველოში იუწყება, დელეგაციაში იქნებიან მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ერიკ ბესონი, მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ანრი დე რენკური, ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი და სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში პიერ ლელუში.
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს 15:00 საათის შემდეგ ეწვევა.