საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიცე-სპიკერის გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში, რომელიც 7-10 ოქტომბერს ქალაქ დუბროვნიკში (ხორვატია) გაიმართება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აკაკი მინაშვილი და გურამ ჩახვაძე.
სესიის ძირითად თემას წარმოადგენს "რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში", დებატები გაიმართება რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების თემატიკაზე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე განხილული იქნება კონფლიქტების, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტურ რეგიონებში ომის შემდგომი ვითარების, დევნილების საკითხები. აღნიშნულ თემებზე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების გამოსვლები და მონაწილეობა დებატებში.
საქართველოს დელეგაცია გამართავს სამუშაო შეხვედრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან 2012 წლის 11-14 მაისს ბათუმში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით. დუბროვნიკის სხდომაზე წარდგენილი იქნება სპეციალური საინფორმაციო მასალა, სარეკლამო ბუკლეტები ბათუმის შესახებ. 2012 წლის ბათუმის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზების მიზნით, ნოემბერში დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის სპენსერ ოლივერის ვიზიტი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია პირველად ჩატარდება საქართველოში და მასში 36 ქვეყნის 200-მდე პარლამენტარი მიიღებს მონაწილეობას.