"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გარდამტეხი არ იქნება. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ეს საქართველოში სარკოზის ვიზიტი მნიშვნელოვანი თავად სარკოზისთვის იქნება წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით.
"ისე ლაპარაკობენ, რომ გეგონება სარკოზი ჩამოდის მარტო საქართველოში და სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩადის. არაფერი გარდამტეხი არ იქნება. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება თავად სარკოზისთვის წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, რადგან მან ნამდვილად ძალიან დიდი როლი ითამაშა აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის და ამის კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება. საქართველოსთვის ვიზიტი ზოგადად მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, მაგრამ ვერანაირ გარდატეხას ის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ვერ შეიტანს. თუ სარკოზის ვიზიტით სააკაშვილს ქრისტეს წყალი გადაესხმევა და სააკაშვილი უცებ გადაწყვეტს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ააღორძინოს, სასამართლო, მედია და ბიზნესი გაანთავისუფლოს , რეალურ დემოკრატიულ გზაზე დააყენოს ქვეყანა და რეალური ეკონომიკური აღმშენებლობა დაიწყოს, ამან შეიძლება მართლა სერიოზული ძვრა მოახდინოს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ არამგონია, რომ ჩემი სარკოზისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მას ასეთი მაგიური ძალა ჰქონდეს. თავადაც არ აქვს მას ამისი ილუზია. თავადაც კარგად იცის სადაც ჩამოდის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, სარკოზის კარგად ახსოვს, როდესაც მას სააკაშვილმა მექრთამე უწოდა.
"წუხვარ, მაგრამ მომიწევს გახსენება ჩვენი საზოგადოებისადმი, სააკაშვილმა მექრთამე, რომ უძახა სარკოზის. მან უძახა, რომ სარკოზიმ ქრთამი აიღო და მისტრალის გარიგება ეს ვაჭრობა იყო საქართველოს ინტერესებით რუსეთთან - ასეთ რაღაცეებს პოლიტიკაში არ პატიობენ. სარკოზის ასევე კარგად ახსოვს როგორ ეხვეწებოდა იუშენო და კაჩინსკი სააკაშვილს, რომ არ მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე ტერიტორიული უზრუნველყოფის გარეშე და როგორ იძახდა საქართველოს პრეზიდენტი, რომ სასწრაფოდ უნდა მოვაწერო ხელი, რადგან ჩამომაგდებს თანამდებობიდან რუსეთის ხეილისუფლებაო. მიუხედავად, იუშენკოსა და კაჩინსკის მოთხოვნისა, დათანხმდა ხელი მოეწერა და ის პუნქტიც ამოიღო, რომელიც შემდგომში მოლაპარაკების საფუძველს იძლეოდა. სარკოზის ჩამოსვლა ქართული დიპლომატიის გამარჯვება იმ შემთხვევაში იქნებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი რომ ჩამოსულიყო საქართველოში ერთდღიანი, თუ დღენახევრიანი ვიზიტით. სხვათა შორის, სომხეთში ღამე რჩება სარკოზი და ამასაც დიპლომატიაში თავისი მნიშვნელობა აქვს. სომხეთისადმი უფრო სერიოზული ჟესტია სარკოზის მხრიდან გაკეთებული, ვიდრე საქართველოსადმი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სარკოზი საქართველოს ხვალ ეწვევა.