"კონსერვატორებმა", "რესპუბლიკელებმა", "საქართველოს გზამ" და "ხალხის პარტიამ" "ექვსიანის" დაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
"კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია" ექვსიანის დაშლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის "თავისუფალი არჩევანისთვის" ორი დამფუძნებელი პარტნიორი (თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი), სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და აღნიშნულ 4 პარტიას სთავაზობდა დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში.
"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ორიოდე თვის წინ საჯაროდ გაცხადებულ პოზიციებზე და გეგმებზე პარტნიორების მიერ უარის თქმა, ვინაიდან დღეს კიდევ უფრო ცხადია, რომ: საარჩევნო გარემოს საკითხებზე მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მოპოვება და დემონსტრირება შეუძლია მხოლოდ მჭიდროდ ინტეგრირებულ, მზარდი რეიტინგის მქონე, არჩევნებზე მყარად ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს, არამედ საარსებო გარემოს შესაცვლელადაც. მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე კი ჩვენს საარჩევნო წინადადებებს არც ხელისუფლება გაუწევს ანგარიშს და არც საერთაშორისო საზოგადოება, რაც მხოლოდ საარჩევნო ნიჰილიზმს გააღვივებს; თუ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენს მიერ გაცხადებული ძირითადი კონცეფციისა („ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნებით ან უსამართლო არჩევნების ფონზე"), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ვიღებდეთ ხელში ინიციატივას და არ უნდა ვუშვებდეთ მოვლენების განვითარებას ძველი სცენარით („დავდგეთ ერთად ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია, შევკრიბოთ ხალხი და დანარჩენი მერე გამოჩნდება"); მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკები არჩევნებმადე ორიოდე თვით ადრე იქმნება, სწორედ საარჩევნო ბლოკის ხარისხის ინტეგრაციაა დღეს საჭირო იმისათვის, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ კომპლექსურ ამოცანებს. შეთანხმება საარჩევნო ბლოკის საკითხებზე არის არა პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობის გარანტია (ამას ამომრჩეველი წყვეტს), არამედ ძალების ეფექტიანი თავმოყრის საშუალება და წარმატებული პოლიტიკური კამპანიის გარანტია (რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ „მარშებს" საპირისპირო მიმართულებით). ამასთანავე, ექვსი პარტიის წინასაარჩევნო შეთანხმება არის აუცილებელი (და არა დამაბრკოლებელი) წინაპირობა სწორი პოლიტიკური გეზის მქონე, მომავალში შესაძლოა უფრო მრავალსუბიექტიანი, საარჩევნო ბლოკის შექმნისა; ხელისუფლების მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია (არჩევნების თარიღით მანიპულირების შესაძლებლობის გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ ითხოვს ოპოზიციის სათანადო აქტიურობას და არა მორიგ ექსპერიმენტებს და თეორიულ განსჯებს", - აღმოშნულია განცხადებაში, რომელიც "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს.
განცხადების თანახმად, ამ საკითხებზე ხანგრძლივი და მრავალგზის საუბრების შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" საბოლოოდ უარი განაცხადეს სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით საქმიანობაზე და, შესაბამისად, კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის" აღარ ფუნქციონირებს.
"ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და ვწუხვართ მისი ამგვარი დასასრულის გამო. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმებს, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ ინდივიდუალურ რეჟიმში", - აღნიშნულია განცხადებაში.
2011 წლის 8 ივლისს ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ (ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია) შევქმნეს პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანი".