"თრიალეთის" დამფუძნებელი და დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს მიმართავს და პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე და ტელეკომპანიაზე ზეწოლები ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების - მინისტრების და შესაძლოა, თვით პრეზიდენტის მითითებით. ყოველივე ამის გამო, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ მომცეთ პოლიტიკური თავშესაფარი. გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ არ შეიქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფის საშიშროება. ასევე გთხოვთ დამეხმაროთ, რომ თავიდან ავიცილო ტელეკომპანია "თრიალეთის" იძულებითი გაყიდვა, რათა გადარჩეს საქართველოში თავისუფალი აზრის გამოთქმისა და სიმართლის თქმის კიდევ ერთი საშუალება, რაც ისედაც ძალიან მცირეა. იმის გამო, რომ ტელეკომპანიის წილის უდიდეს ნაწილს მე ვფლობ, ვფიქრობ, როდესაც მე აღარ ვიქნები საქართველოში და ვეღარ მაიძულებენ ტელევიზიის გაყიდვას, ალბათ დამთავრდება ტელე-რადიო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლაც", - განაცხადა ნანეტაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება.
"საქართველოში არ არის დემოკრატია! საქართველოში ადამიანი არ არის თავისუფალი და ქვეყანაში შიშია გამეფებული! ამ წერილის გამო, მე არ ვიცი, რა მომელის და როგორ გადამიხდიან სამაგიეროს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია და მხოლოდ თქვენი იმედიღა მაქვს", - აღნიშნა ნანეტაშვილმა.