რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი კრემლში გამართულ მოლაპარაკებებზე სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი აფხაზეთის საიმედო უსაფრთხოების დაცვაა", _ განაცხადა კრემლის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში სავარაუდოდ ასევე განიხილება საკითხები, რომლებიც "აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვის ღონისძიებებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზას ეხება".
"სავარაუდოდ, პრეზიდენტები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კონკრეტულ ასპექტებს განიხილავენ, ისაუბრებენ აფხაზეთისთვის დახმარების აღმოჩენაზე უსაფრთხოებისა და სოციალ-ეკონომიკური აღდგენის სფეროებში არსებულ პრობლემებზე. ასევე განიხილავენ საერთაშორისო არენაზე ერთობლივი ქმედებების კოორდინაციისა და მომავალი ორმხრივი ურთიერთობების გავითარების გზებს", _ აცხადებს კრემლის მაღალჩინოსანი,
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი აფხაზეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ქონებრივ უფლებებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კრემლში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს, 6 ოქტომბერს შეხვდება. ანქვაბი მოსკოვში 5 ოქტომბერს გაემგზავრა.