საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მანჩესტერში "კონსერვატიული პარტიის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში იგი შეხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, უილიამ ჰეიგს, სადაც მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას მხარეებმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის საკითხიც განიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო სადილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ერთად დაესწრო.
დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ ბუკლანდთან; ანდრეი სტივენსონთან; დეცენტრალიზაციისა და ლოკალურ საკითხთა მინისტრის პირად საპარლამენტო მდივანთან, ჯონ ჰოუელთან; გარემოს დაცვის, საკვებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ენ მაკინტოშთან; კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, მაიკლ ფალონთან; კანცლერის პირად საპარლამენტო მდივანთან, გრეგ ჰენდსთან და ევროპის საკითხთა მინისტრთან, დევიდ ლიდინგტონთან.