უკრაინის ოპოზიცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირში უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს სასამართლოს შესახებ ფილმს აჩვენებს. ეს განცხადება დღეს ტიმოშენკოს მომხრე ფრაქციის დეპუტატმა ოსტაპ სემერაკმა გააკეთა.
მისივე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც 7 ოქტომბერს ბუქარესტში დაიწყება ტიმოშენკოს საწინააღმდეგოდ მიმდინარე სასამარეთლო პროცესის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგილისურენოვან ფილმში სახელწოდებით "The trial of Yulia Tymoshenko. The true story" (იულია ტიმოშენკოს სასამართლო. ნამდვილი ამბავი) არავითარი პოლიტიკური დასკვნა არ არის გამოტანილი.
"ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ პოლიტიკურად ნეიტრალური ფილმი - მხოლოდ დოკუმენტური კადრებია და ტექსტი, რომელიც ცხადჰყოფს თუ რა ხდება ეკრანზე. ასევე არის ამ სასამართლო პროცესის კომენტარები", _ აცხადებს სემერაკი და დასძენს, რომ მალე ამ ფილმს ევროპარლამენტის დეპუტატებიც იხილავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება ბრალად. ტიმოშენკო 5 აგვისტოს დააპატიმრეს. სახელმწიფო ბრალდება მისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. იულია ტიმოშენკოს განაჩენის კითხვა 11 ოქტომბერს დაიწყება.