ლიბიის ქალაქ ელ-კუფრასთან მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ამბოხებულების ახალი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
"ელ -კუფრასთან ახლოს, ნაპოვნია სამარხი, რომელშიც დაახლოებით 60 ადამიანის ცხედრის ნარჩენებია. ეს ადამიანები კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ", _ აცხადებს ბრიგადის მეთაური ფაუზი ბუგეიდანი, რომელიც ოპოზიციური გარდამავალი საბჭოს მომხრეა.
მისი თქმით, "ყველა ცხედარი უკვე ამოცნობილია და ისინი იმ რევოლუციონერებს ეკუთვნით, რომლებიც ოპოზიციის მხარეს იბრძოდნენ. ეს ადამიანები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ".
ელ-კუფრასთან ნაპოვნი სამარხი რიგით მე-14 ძმათა სასაფლაოა, რომელიც ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იპოვეს.