რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც სექტემბრის ბოლოს თანხმობა განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტად ეყარა კენჭი, გაზეთ "იზვესტიაში" სტატია დაწერა იმის შესახებ, რომ საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის მეშვეობით ევრაზიის კავშირისათვის საფუძვლის ჩაყრას აპირებს. პუტინის თქმით, კავშირი "თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი პოლუსი უნდა გახდეს".
ამჟამად საბაჟო კავშირში რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი შედის. 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ერთიან ეკონომიკურ სივრცეში სწორედ ეს ქვეყნები შევლენ.
ახალი კავშირის, რომლის ფორმირებაც რუსეთის პრემიერის თქმით, უკვე მიდის, მისი აზრით, ევროკავშირის საპირწონე ძალა გახდება. პუტინის გეგმის მიხედვით, დროთა განმავლობაში მას ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც შეუერთდება.
"საუბარი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ან კოპირებაზე არ მიდის", _ წერს პუტინი და დასძენს: "გულუბრყვილობა იქნებოდა იმის რესტავრირებაზე ან კოპირებაზე გეფიქრა, რაც უკვე კარგა ხანია წარსულში დარჩა, მაგრამ ახალ ფასეულობებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძველზე დაფუძნებული მჭიდრო ინტეგრაცია - ეს დროის მოთხოვნაა".
ამასთან ერთად, მთელი სტატიის განმავლობაში რუსი პრემიერი პარალელს ავლებს ახალ გაერთიანებასა და საბჭოთა კავშირს შორის.
"საბჭოთა კავშირში ჩაწერის მისეული ინსტიტუტით მსგავსი თავისუფლება არ იყო", _ აცხადებს პუტინი და აღნიშნავს, რომ ევრაზიის კავშირის წევრებს შორის "იურისდიქციის ნამდვილი კონკურენცია" დაიწყება, ანუ ხელისუფლება იბრძოლებს მეწარმეებისთვის და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნისთვის".