საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ევროპის სახალხო პარტიის მინისტერიალზე ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ქალაქ ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან პიერ გოგესთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბორდოსა და საქართველოში არსებულ კომპანიებს შორის ბიზნეს-კავშირების დამყარების საკითხი და ფრანგული კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა.
გიორგი ბარამიძემ პიერ გოგეს გააცნო საქართველოში წარმატებით მიმდინარე საბაზრო-ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები, რამაც ფრანგული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნესმენთა ჯგუფი საქართველოს ეწვევა, რათა შეისწავლოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივები, ასევე, ქალაქ ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება ქართველ მეღვინეებს კვალიფიკაცია აიმაღლონ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ ქალაქ ბორდოს მეღვინეობისა და სომელიეთა აკადემიაში.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძეს ასევე შეხვედრა ჰქონდა ბორდოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები