4-6 ოქტომბერს, მიუნხენში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დელეგაცია დირექტორის მოადგილის გიორგი ციკოლიას ხელმძღვანელობით,თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურთან ერთად მონაწილეობს გერმანიის უძრავი ქონებისა და საინვესტიციო პროექტების მასშტაბურ გამოფენაში EXPO REAL 2011, (14th International Trade Fair for Commercial Property and Investment).
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია უძრავი ქონების დარგში მოღვაწე პროფესიონალთა ფართო სპექტრი: პროექტების დეველოპერები და მენეჯერები, ინვესტორები, ფინანსისტები, კონსულტანტები, არქიტექტორები.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გამოფენის მონაწილეებს გააცნობს ზოგადად საქართველოში არსებულ ბინზეს კლიმატს და წარადგენს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს უძრავი ქონების სექტორში. აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებზე, ასევე ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაზე, მესტიის სათხილამურო და წყალტუბოს სპა კურორტებზე. გამოფენის ფარგლებში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თანამშრომლები გამართავენ ინდივიდუალურ შეხვედრებს უძრავი ქონების დეველოპერებსა და პოტენციურ ინვესტორებთან.