საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს საგარეო სექტორის სტატისტიკის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. სებ-ში აცხადებენ, რომ მონაცემთა გადასინჯვა და მცირედი დაზუსტებები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რითაც განსხვავდება ახალი მონაცემები წინა პუბლიკაციებისგან.
"პირველ რიგში, ეს არის ცვლილებები 2000 -2001 წლების საგადასახდელო ბალანსში. ეროვნულმა ბანკმა დაასრულა მრავალწლიანი მუშაობა ძველი მონაცემების გადასინჯვის და საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს მეხუთე რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. სიახლეა საერთაშორის საინვესტიციო პოზიციის მონაცემებშიც. ის იწყებოდა 2006 წლიდან, ახალი მონაცემები იწყება უკვე 2000 წლიდან და ბოლოს, სერიოზული ცვლილებებია 2010 წლის მონაცემებში. იგი შეეხო საგადასახდელო ბალანსს, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას და საგარეო ვალს, ძირითად ცვლილებებს ადგილი ქონდა არასაფინანსო კორპორაციების სექტორში", - აცხადებენ სებ-ში.
დღეისათვის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოს საგადასახდელო ბალანსი 1995 წლიდან.
"დღემდე არსებული 1995-2001 წლების საგადასახდელო ბალანსის ფორმატი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდირებულ (მეხუთე რედაქციის შესაბამის) ფორმატს, მას გაცილებით მარტივი სახე ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში ოპერაციებიდან არ იყო განცალკევებული საკურსო ცვლილებები, იყო ხარვეზები მონაცემთა მოცვის კუთხითაც. ყოველივე ამის გამო, გადაწყდა 2000-2001 წლების საგადასახდელო ბალანსის გადასინჯვა და და იგი შესაბამისობაში მოსულიყო მეხუთე რედაქციასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდირებულ ფორმატთან შესაბამისობაში მოყვანა. ათვლის თარიღად 2000 წელი განისაზღვრა, როგორც ერთგვარი მიჯნა, საიდანც შესაძლებელია მეტ-ნაკლებად საიმედო ინფორმაციის მოპოვება. ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობდა. პირველ რიგში მოწესრიგდა სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალების აღრიცხვა, შეიქმნა მონაცემთა მწკრივი 1999 წლის 31 დეკემბრიდან, სადაც საგარეო ვალის სტატისტიკის მოთხოვნების შესაბამისად, მოცემულია ოპერაციული, საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებები. ძირითად ვალთან ერთად წარმოებს დარიცხული პროცენტების აღრიცხვა, თითოეული ვალი აღიწერება როგორც ორიგინალური ვალუტით, ისე დოლარის ეკვივალენტით. შემდეგ ეტაპზე მოძიებულია ინფორმაცია საბანკო სექტორის მიერ განხორციელებული ოპერაციებს შესახებ. მოძიებული მასალების გაანალიზების შედეგად შემუშავდა საბანკო სექტორის საინვესტიციო მდგომარეობა. მონაცემთა მწკრივი ამ შემთხვევაშიც იწყება 1999 წლის 31 დეკემბრიდან. 2000 - 2001 წლების საგადასახდელო ბალანსის მსხვილი მუხლები, როგორიცაა: საქონელი, მომსახურებიდან - ტრანსპორტი და ტურიზმი, შეფასებულია მომდევნო წლებში აპრობირებული მეთოდით. ხოლო რაც შეეხება წვრილ კომპონენტებს, რომლებიც არ იყო 2000 - 2001 წლების მონაცემებში, ისინი შეფასდა მომდევნო წლების ტენდენციების შესაბამისად. საგადასახდელო ბალანსის განყოფილების ეროვნულ ბანკში გადმოსვლამ საშულება მოგვცა ზედმიწევნით ზუსტად გვეწარმოებინა სარეზერვო აქტივები და ეროვნული ბანკის სხვა აქტივები და ვალდებულებები. ჩვენს მიერ შემუშავებულ მონაცემთა ბაზაში აღწერილია ყოველდღიური ოპერაციები ორიგინალური ვალუტით, ხოლო ამ ოპერეციების გადაყვანა აშშ დოლარის ეკვივალენტით ხორციელდება ოპერაციის დღის კურსით", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
2000-2001 წლების საგადასახდელო ბალანსის სარეზერვო აქტივების მონაცემები, რომლებიდანაც არ იყო გამოყოფილი საკურსო ცვლილებები, შეიცვალა ახალი მონაცემებით, ცვლილებამ ზოგიერთ კვარტალში 50% შეადგინა, ძირითადად კი, 20 - 36 პროცენტის ფარგლებში იყო. ამასთან, სტრიქონი „უცხოური ვალუტა", დაიშალა ქვეკომპონენტებად როგორიცაა: ნაღდი ფული და დეპოზიტები ცენტრალურ ბანკებში, ნაღდი ფული და დეპოზიტები სხვა ბანკებში და ფასიანი ქაღალდები. მოპოვებულ იქნა მონაცემები გასულ წლებში არარეზიდენტების მიერ სახაზინო ვალდებულებების ფლობის შესხებ. შესაბამისი ტრანზაქციები დაემატა იქნა საგადასახდელო ბალანსს. 2000-2001 წლებში განსაკუთრებული იყო კომპანია BP-ს როლი საქართველოს ეკონომიკისათვის, მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და მოგვაწოდეს ინფორმაცია 2000-2001 წლებში განხორციელებული ოპერაციების შესახებ, მათ შორის ნავთობსადენებით გატარებული ნავთობის მოცულობისა და მისი გატარების ხარჯების შესახებ, ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა განახლებულ საგადასახდელო ბალანსში.
"მიზანშეწონილად ჩავთვალეთ საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკაც დაგვეწყო 2000 წლიდან. სახელმწიფო, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის შესახებ უკვე ვფლობდით ამისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, დამატებით მოვიძიეთ ინფორმაცია არასაბანკო საფინასო კორპორაციებიდან. პრობლემურად რჩებოდა არასაფინანსო კორპორაციები. ვიცოდით რა მათ მიერ განხორციელებული ოპრაციები საგადასახდელო ბალანსის მეშვეობით და ძირითადი ვალუტების (აშშ დოლარი/ევრო) თანაფარდობა, რომელიც ავიღეთ საბანკო სექტორის მიხედვით, შეფასებული იქნა არასაფინანსო კორპორაციების აქტივებისა და ვალდებულებების საკურსო ცვლილებები, მეორეს მხრივ, ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას ამ სექტორის საგარეო აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთებზე 2005 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რამაც საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა ამ სექტორის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის კომპონენტები 2000 - 2005 წლებისათვის", - განმარტავენ სებ-ში.
რაც შეეხება ცვლილებებს 2010 წლის მონაცემებში, იგი ძირითადად გამოწვეულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემების დაზუსტებული მონაცემებით შეცვლის გამო. საქსტატი საწარმოების საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის მიზნით ატარებს სამეწარმეო სექტორის ყოველკვარტალურ კვლევებს, და ასევე, წლის დამთავრებიდან 5 თვის გასვლის შემდეგ წლიურ გამოკვლევას. კვარტალური კვლევების საფუძველზე დგინდება წინასწარი მონაცემები, ხოლო წლიური გამოკვლევის საფუძველზე, რომლის შედეგები აგვისტოში ქვეყნდება, დგინდება საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები. ეს უკანასკნელი ხდება საფუძველი 2010 წლის დაზუსტებული საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის და მთლიანი საგარეო ვალის კომპილაციისათვის. დაზუსტებული მონაცემები ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვადება წინასწარი მონაცემებისაგან. მაგალითად, 2010 წლის შემთხვევაში, ყველაზე დიდი ცვლილებით გამოირჩეოდა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 549 მლნ აშშ დოლარი (914 მლნ ლარი) წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით ის 814 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (1 356 მლნ ლარი). შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველა კომპონენტში: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციის სახით. ამ ცვლილებებმა გავლენა იქონია საგადასახდელო ბალანსის სხვა კომპონენტებზეც, რის შედეგადაც 2010 წლის მიმდინარე ანგარიცის დეფიციტი გაიზარდა 1 116,5 მლნ აშშ დოლარიდან (1 859,5 მლნ ლარიდან) 1 333,0 მლნ აშშ დოლარამდე (2 220,0 მლნ ლარამდე).