"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გიორგი თარგამაძისა და დევიდ კემერონის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში გაიმართა. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე მანჩესტერში პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელის სტატუსითაა მიწვეული.
გიორგი თარგამაძემ მადლობა გადაუხადა დევიდ კემერობს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო კემერონისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. დევიდ კემერონმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა, ესაა ბრიტანეთის მკაფიო პოზიცია, რომელსაც იგი არა მხოლოდ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებისას, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატშიც აფიქსირებს.
საუბრისას გიორგი თარგამაძე ასევე შეეხო საქართველოში საარჩევნო სამზადისს და იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის პრინციპული პოზიცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში .
"ბატონმა კემერონმა აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რომ დასავლეთი ერთმნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ქვეყნის დემოკრატიულმა განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, საუბრის დასასრულს მხარეების რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის თემასაც შეეხნენ.
"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მოხიბლული და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ქართველი მორაგბეების თამაშით. მან ჩვენს სპორტსმენებს კიდევ უფრო მეტი შემართებისკენ მოუწოდა და დიდი წარმატებები უსურვა", - აღნიშნა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის ვიზიტი დიდი ბრიტანეთში კიდევ 4 დღეს გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მაღალი რანგის პირებთან.
მანჩესტერის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში ("ჩეთემ ჰაუსში") მოხსენებით გამოვა.