იმერეთის პოლიტიკური თამაშების გამარჯვებული, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაცია გახდა. მონაწილეთა დაჯილდოვება ქუთაისში გუშინ გაიმართა. თავისუფალმა დემოკრატებმა ფინალში ახალი მემარჯვენეების გუნდი დაამარცხეს.
"ჩვენ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ორგანიზატორებისა და ექსპერტების მიმართ. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოში საინტერსოსა და მიმზიდველს ხდის. ახალგაზრდული პოლიტკური დებატები საკმაოდ სოლიდურია და მასში გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ჩვენი პირველი წარმატება მსგავს პროექტებში. ჩვენ აჭარის პოლიტიკური თამაშებიც მოვიგეთ და უკვე ვემზადებით შემდეგი დებატებისთვის. იმერეთის თამაშები ძალიან საინტერესო იყო, კონკურენტებიც ძალიან ძლიერი", - აცხადებს ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სულხან ღლონტი.
პროექტში მონაწილეობდნენ თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის, ახალი მემარჯვენეების, ეროვნული საბჭოს, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის, ნაციონალური მოძრაობის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
"პოლიტიკური თამაშები" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნული ფორუმის ერთობლივი პროექტია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს USAID.