ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ბორდოში იმყოფება, სადაც საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მინისტრები ესწრებიან.
აღსანიშნავია,რომ ევროპელ მინისტრთა ეს შეხვედრა ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, სადაც ხმელთაშუაზღვისა და ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და მსჯელობენ მათ განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შესახებ.
ასევე მნიშვნელოვანია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა კონფერენციაზე ქართული მხარისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ.