"ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი ოჯახის წევრებთან და პარტიის ლიდერებთან ერთად საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
"არჩევანი ჩემი მშობლიური ქალაქის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გავაკეთე. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მმართველი პარტიის თვითკრიტიკულ სლოგანს და მიგვაჩნია, რომ თელავი ნამდვილად უკეთეს კანდიდატს იმსახურებს. ახლა დროა საქმეს მივხედოთ და ვიზრუნოთ თითოეული მცხოვრების საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე" - განუცხადა ლაშხმა ჟურნალისტებს.
თელავის №17 საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული შუალედური არჩევნები იმართება. პარლამენტის შუალედურ არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
შუალედური არჩევნები მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.