ლიბიაში სამხედრო ოპერაცია დასრულებულია და ნატომ, შესაძლოა, მომავალ კვირას მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა კარტერ ჰემმა განუცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების დაგეგმილ შეხვედრაზე ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელები ლიბიაში არსებულ ვითარებას შეაფასებენ. 'არ არის გამორიცხული, რომ მოკავშირეებმა მისია შეწყვიტონ, იმის მიუხედავად, რომ მუამარ კადაფი დაპატიმრებული არ არის, მისი მომხრეები კი ორ ქალაქს - სირტისა და ბანი-ვალიდს აკონტროლებენ", - განაცხადა კარტერ ჰემმა.
ამავე დროს ჰემმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ალიანსი მისიის დასრულების შესახებ შეთანხმდება, გარკვეული დროის განმავლობაში ლიბიის ცაზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენა მაინც გაგრძელდება.
"ჩვენ არ გვსურს, რომ ყველაფერი მეორე დღესვე დასრულდეს, გარკვეული ამოცანები კვლავ უნდა შევასრულოთ, თუნდაც იმიტომ, რომ დროებით მთავრობას საზღვრების დაცვაში დავეხმაროთ", - განაცხადა გენერალმა. "თუმცა საჰაერო დარტყმები შეწყდება', - დაამატა კარტერ ჰემმა.