მიხეილ სააკაშვილი შუალედური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავის თეატრში, თელაველ ამომრჩეველს შეხვდა და რეგიონში არსებულ ვითარებას და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. პრეზიდენტი თელაველებს დაპირდა, რომ 2012 წლიდან წყალს დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში მიიღებენ. 2013 წლიდან კი რაიონს წყლის 24 საათიანი მომარაგება ექნება.
"კახეთში ბევრი რამ კეთდება და ის არის განსაკუთრებული კუთხე საქართველოში, თუმცა არავის არცერთი წუთი არ გვავიწყდება რომ კახეთის ცენტრი და მთლიანად საქართველოს ერთ-ერთი ცენტრი არის თელავი. რაც არ უნდა გავეკეთოთ და რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ მე ყოველთვის ვიტყვი, რომ თელავი იმსახურებს კიდევ უფრო მეტს და აქ კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი. 2005 წელს უკვე იწყებოდა სერიოზული მოძრაობა, გავდიოდით ახალ ბაზრებზე, გაჩნდა ფული და შენდებოდა სახლები, თუმცა 2006 წელს ხლიწა რუსეთმა, პუტინმა უფრო სწორედ და შემოიღო ემბარგო და პირდაპირ გულში დაარტყა კახეთს და თელავს. გათვლა იყო იმაზე, რომ კახელები და პირველ რიგში თელაველები, იმიტომ რომ აქ იყო ფული, გამოვიდოდნენ და ყველა ერთად აიღებდნენ ჯოხებს, გარეკავდნენ მთავრობას და ჩააბარებდნენ მტერს ციხის კარებს. იმიტომ რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ სწორედ აქ იქმნებოდა საქართველოს განწყობები და პირდაპირ დაგვარტყეს. თელაველებმა მათ უპასუხეს მათ ისევე როგორც პასუხობდნენ ისინი შაჰ-აბასს. ჩვენ დავკარგეთ წლები მაგრამ ყველაფერს აღვადგენთ და გავდივართ ახალ ბაზრებზე. თელავში ცხოვრების კარგი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, აქ მნიშვნელოვანი პროგრამა იყო წყალი"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა ისიც, რომ თელავიდან დაიწყება ახალი პროგრამა და თითოეულ სოფელში გაკეთდება უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების გზები.
"ჩვენ აქ გავაკეთებთ თანამედროვე საწარმოებს"- დაპირდა სააკაშვილი თელაველებს.
საქართველოს პრეზიდენტმა თელაველებთან შეხვედრისას თელავის ყოფილი დეპუტატი, აწ გარდაცვლილი გია არსენიშვილიც გაიხსენა.
"ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია გია არსენიშვილი. მე ვიყავი იმ საშინელ მთავრობაში, სადაც ყველა იპარავდა, ყველა მამაძაღლობდა და იქ ჩემთან ერთად იყო გია არსენიშვილი. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი და რაღაცეების გაუმჯობესებას ვცდილპობდი, თუ კი სუნთქვის საშუალება მქონდა და რაღაცის კეთების უნარი, მხოლოპდ იმის გამო რომ იმ დარბაზში კიდე ერთი თავდადებული და პატიოსანი კაცი იყო. სწორედ ეს მაცოცხლებდა და მასულდგმულებდა. ის ჩვენთვის შეუცვლელია"- აღნიშნა პრეზიდენტმა.